суббота, 25 декабря 2010 г.

უმსგავსობის ვერნისაჟი

ღიმილი სასიამოვნოა, ლამაზია. მომწონს მომღიმარი ადამიანები, რომელთაც კეთილი ღიმილით თვალებიდან სიკეთე და სითბო უბრწყინავთ. სიცილიც მიყვარს ჯანსაღი და გულისმიერი. ხარხარიც გამიგია, როცა რაღაც ძალიან გახალისებს, მაგრამ ამ ხითხითს ვერ ვიტან და მომკალი. სიბინძურის ხმას რომ გადმოსცემს და ვიღაცის დასაცინად ბოროტებას ასე უფარავად გამოსცრის კბილებიდან. რა სულმდაბალი უნდა იყოს ნებისმიერი, როცა გვერდით მჯდომზე და მის ნათქვამზე ისე ჩაიხითხითებს მოურიდებლად, ვითომ უკეთესის თქმას ანებებდეს მისი გაუბედურებული გონება. იმას მაინც იაზრებდნენ, უარესი დაცინვის ღისრსნი სწორედ იმ უხეშობის გამო რომ ხდებიან, როცა ერთმანეთის დაცინვას და გაწირვას მხოლოდ იმ უზნეობისთვის ქედის მოსახრელად აფიქსირებენ, ვინც გულში სწორედ ამ უბადრუკობაზე ხითხითებს უარესად. ან რა არის იმაზე საზიზღარი სანახავი, ვიდრე ოთხი ისეთი თვალის შეფეთება, რომელიც ორი ადამიანის ერთმანეთზე უარეს სულის სიბინძურეს დაუფარავად და უტუხად ამზეურებს. მეგონა მხოლოდ დიდი სიყვარული შემეძლო, მაგრამ სიძულვილი უფრო დიდი შემძლებია ამ უკუღმართობის შემყურეს და გადამკიდეს. ან როგორ მიყვარდეს სხვისი მოძულე, მოქილიკე და ბაბუინობამდე დასული სულიერი, რომელსაც არად ენაღვლება თავისი დემორალიზაცია, რადგან სამარცხვინო მისია თავად იტვირთა და აღმაფრენასაც და წამიერ ეგზალტირებასაც მხოლოდ გათითოკაცებული პერსონები იწვევენ მათში.

воскресенье, 12 декабря 2010 г.

ეს გზა ტაძრამდე მიგვიყვანს?

არაფერი ისე ამაზრზენად არ მოქმედებს ჩემზე, როგორც მატყუარა და თვალთმაქცი ადამიანების გნიასი საზოგადოებაში. ადამიანებისა, რომლებიც მაღალფარდოვანი, ორაზროვანი გამონათქვამებითა და უაზრო სიტყვათა ხროვით დაუნანებლად იგდებენ აბუჩად სხვებს და არასოდეს აწერენ ამას ჭკუის სიღატაკეს. თვალებში რომ მოგაშტერდებიან და ათას აბდა-უბდას ისე მოგახლიან, სირცხვილისეულის რომ არაფერი შეაწუხებთ. იმ ავანგარდზე ვსაუბრობ, თავზე სხვების მართვას რომ იღებენ და მათ იწილო-ბიწილო გადაწყვეტილებებს ისე გვახვევენ, გაბედე და შეეწინააღმდეგე. სიტყვის თავისუფლება უტოპიად მხოლოდ ამისთვის გვიქციეს ამა ქვეყნის ძლიერებმა. ჩვენ ხომ უნდა გვესმოდეს, მხოლოდ მათი კეთილდღეობის საკურთხეველზე შესაწირი მსხვერპლები ვართ. ან რა უნდა დაარქვა ამ რელობას, როცა ხედავ უსაშველო ადამიანს, რომელიც დილიდან მათ კაბინეტებთან ატუზული მხოლოდ იმისთვის აღამებს, რომ ეიმედება მათი კეთილი ნების. არადა ვის აწუხებვს, ან ვინ ამჩნევს მათ თვალებში იმედგაცრუებით ჩამქრალ სხივს. ალმაცერი მზერითა და ჩვეული მანერით მოუცლელობას რომ მოიმიზეზებენ და გამოუხურავენ ცხვირ წინ კაბინეტის კარებს. სკაიპს და ფეისბუქსაც დრო უნდა. ერთხელ მაინც თუ დაფიქრდებიან იმაზე, რომ ასეთი ადამიანების ხარჯზე არიან გაზულუქებულები. არც ზღვარი სცოდნია თავხედობას, არც სქესი და უფროს-უმცროსობა. ქალია თუ კაცი ყველას ვაჟკაცურად უჭირავს თავი. გრაციაც ერთნაირად დაყენებული აქვთ და ლოგიკაც. თან რა მოხერხებულად და მორგებულად აგიგდებენ სიტყვას ბანზე, აიზე რომ ეკითხები ჰაით გიბურღავენ გონებას. ესენი ხომ თავის სტიქიაში არიან, მაგრამ მე შენ მინდა გკითხო და შენც! ყოველდღიურად რომ ამ ყველაფერს ეჩეხები, იმის ნაცვლად პროტესტი გაგიჩნდეს, შიკრიკად რაღას უდგები ამ უბადრუკობასა და მიზანთროპიას. იქნებ დაფიქრდე ამ მოჩვენებით კაი ტიპობაზე. ან იქნებ უფრო მეტი მოგეთხოვება შეც და იმასაც, რადგან გასაკეთებლის ვერ გაკეთების შემთხვევაში მიზეზების ძებნა კი ვერ ამართლებს, არამედ საშუალების. ასეთ შემთხვევაში კი გვეტყვით გასაკეთებელი კიდევ ბევრიაო, აბა რა. ეს ჩვენც ვიცით.

понедельник, 6 декабря 2010 г.

მინდა რომ...

თუნდაც ამ წამს სიამოვნებით გავივლიდი ზღვის სანაპიროზე, დავუჩოქებდი  მის სიძლიერეს და მის გნსაკუთრებულობას მოვუხრიდი ქედს. მთვარის შუქით განათებულ ქაფიან ტალღებს ჩავეკონებოდი, ხმაურიან ღელვას მივუგდებდი ყურს, სულს რომ ბობოქრობის სურვილს გადმოსდებდა. ჭორიკანად რომ მაქცევდა წამიერად ეს მღელვარე საოცრება და ათას სურვილსა და ნატვრაზე ამალაპარაკებდა. ალბათ არ მიწყენს გატოლებას, თავადაც მიმიხვდება როგორ დავმსგავსებივარ ხასიათით, ჩემში გამეფებული ხანაც უჩვეულო სიმშვიდით, ხანაც უსაშველო ბობოქრობით. ამიტომაც ვგრძნობ მის კალთებში  ბედნიერებას, მისი სიმლაშე მახვევს თავბრუს, მისი უკიდეგანობა. მაშინ გაცილებით ახლოს ვგრძნობ თავს ღმერთთან, მისი სიძლიერე და ყოვლისშემძლეობა უფრო მეტად მაფიქრებს ჩვენს უსუსურობაზე. მაშინ რწმენის სიძლიერე ლოცვად ყველაზე მეტს მათქმევინებს, სულის სიღრმიდან მთავარ სათხოვარს დაჩოქილს მათხოვინებს.და სწორედ მაშინ ყველაზე მეტად იმის ატანის შესაძლებლობას ვითხოვ, რასაც გარემო მაიძულებს. თავშეკავების უნარს და მაშინ გაღიმების, როცა სულაც არ მეღიმება, მაგრამ აუცილებელია, რადგან სხვები ელოდებიან ამ ღიმილს. იმ გულის შენარჩუნებას შურს და ბოროტებას უგულოდ რომ უყურებს. ისეთ სულის სიმდაბლესთან სიშორეს, გამიზნულად ათას სისაძაგლეს რომ ჩადის და მის ბრალეულობას უტუხად ვერ ხედავს ამაში. ისეთი  ტკივილისაგან ხსნას მეშჩანი ადამიანების უმსგავსობის შედეგად რომ იბადება. იმ ერთეულებისაგან დაფარვას, სიძულვილი რომ მასწავლეს და ჩემში ამბოხებული სულის დაბადებას შეუწყვეს ხელი და იმ თვალების შემოფეთებაგან ხსნას გადაგვარებული ადამიანის სულიერებას, რომ შიფრავს მზერიდან. ღმერთო იმის ძალას შეგთხოვ ჩემი თავის შველას  მე თვითონ რომ შევძლებ.

четверг, 2 декабря 2010 г.

ღიმილები

ოცნებაც მიყვარს და ატმის ყვავილივით ჩემში აფეთქებული ბედნიერებაც. სიცოცხლეც მაშინ მიყვარს, როცა თუნდაც ერთი დღის ყოველი დეტალი, შეხვედრა, მისალმება, მოკითხვა სიხარულის განცდას ბადებს ჩემში. ის გარემო, რომელიც მახვევს თავბრუს და ის ადამიანები, რომელთანაც განშორების გამო მეშინია სიკვდილის. ის განწყობა მიყვარს, რეალობას მხოლოდ იმიტომ   რომ წყდები, ღრუბლების სიმაღლეს აწვდე და ის სიმსუბუქე იგრძნო, დედამიწის სიმძიმისგან რომ გათავისუფლებს. ღმერთო, როგორი საოცარი შიკაშკაშე აქვს მაშინ ვარსკვლავებს, უსხეულო უსასრულობაში რომ აკიაფდებიან და გულის იმ ნაწილს გინათებენ ბედნიერებას რომ შეწვდა. მაშინ უჩვეულოდ მორჩილიც ხდები და მორწმუნეც. საოცარი ნატვრები აზვირთდება შენში. გინდა გული დაუკოცნო დედამიწა, იმ ხეს, ფოთოლს, ყვავილს დაუჩოქო, რომლის განსაკუთრებულობის შეცნობა გიჭირდა აქამდე. იმ მდგომარეობის მონა ხდები გაწყალებული ღრუბლის ფთილისგან წვეთ-წვეთად დაცვარული ბალახი შიშველი ფეხის გულით რომ მოგინდება გათელო.ასეთი დღეების სიხანგრძლივე მინდა ღმერთო! ერთხელ მოსული ადამიანის მოკრძალებული თხოვნის ყურად ღება. ისეთი სიზმრები, რომლის სიცხადე მომინდება, ისეთი ლოცვა ცრემლების გულწრფელობას რომ დაბადებს, ისეთი ღიმილები ჭეშმარიტებას რომ ასხივებს, ისეთი თავისუფლება ტყუილს რომ არ მათქმევინებს. ასეთ ბედნიერებას ვეძებ, ასეთ სიხარულს და იმ გამყიდველსაც ვეძებ, იაფად რომ არიგებდეს ლამაზ ღიმილებს, სიტყვებსა და სიყვარულით გამთბარ ურთიერთობებს. თავდაცვის საჭიროება რომ არ შეგვექმნება ადამიანებს ისეთ გარემოში ცხოვრება მენატრება ღმერთო!

вторник, 23 ноября 2010 г.

ტირილი, სიჩუმე, სიცილი, მარტოობა, განცდა და ადამიანი. ადამის მოდგმა, რომელიც ყველასთან და ყველაფერთან პოულობს საერთო ენას. ამტანი, გამძლე და ყოვლისშემძლეა ადამიანი, მით უფრო თუ მოინდომებს. ტირილი შეუძლია, მაშინ, როცა უყვარს, როცა სტკივა, როცა ლოცულობს. ცრემლებიც მხოლოდ მაშინაა  გულწრფელი, როცა მარტო ტირის. მარტოობა ბადებს გულწრფელობას. სიცილი? სიცილიც შეუძლია, მაშინ როცა უხარია, მოსწონს, ბედნიერია. ღმერთმა ნუ ქნას ცინიკური სიცილი, ასეთებზე ახლა არ ვკონკრეტდები. მარტოობა? ძნელია, სულის ობლობა. ვეება მხრებით დასატარებელი რომ ხდება მარტოობა. მაშინ ფიქრები სახლობენ ადამიანში, დამთრგუნველი და გამაღიზიანებელი.დაუსრულებელი აგონია, მომაბეზრებელია მდგომარეობა. მაშინ ფხიზელიც მთვრალია. დავიწყებას განიცდის, მაგრამ დამებედაო იტყვის და ეგუება, ჩერდება. ადამიანმა ყველაფერს უნდა გაუძლოს?_თუ ღმრეთს დაივიწყებს მოუწევს. რას ემდურის, რას ეწუწუნება, ან რას სთხოვს. ვერ მიხვდა, რომ ღმერთია და სწორედ ამიტომ უნდა უყვარდეს, არა იმიტომ, რომ მისგან სამოთხეს მოელის. აბა რისთვის ხარ ადამიანი!   

пятница, 19 ноября 2010 г.

მეგობრობაცაა და მეგობრობაც

მე მეჩვენება თუ მართლა ასე გაუფერულდა და გაცივდა ურთიერთობები ადამიანებს შორის? ან ვინ იფიქრებდა თუ სიტყვა მეგობარსაც მრავალმხრივი დატვირთვა მიეცემოდა. მეგობარი სტატუსი, მეგობარი პირფერობა, მეგობარი გამორჩენა და ბოლოს ახლო მეგობარი, რაშიც თურმე არც მეტი არც ნაკლები სასიყვარულო ურთიერთობა იგულისხმება. აქედან ყველაზე მომგებიანი ყოფილა სტატუსებთან მეგობრობა, ოღონდ მსუყესთან, სულ ზევით-ზევით. როცა შენს თავმოყვარეობას, მორალს ზვარაკად მიიტან მისი მეგობრობის საკურთხეველზე. ოღონდ `მის~ გვერდით ჩნდებოდე, მის წრეში ტრიალებდეს და რაზე აგარ არის წამსვლელი. მისთვის სულ სხვა ღირებულებებს იძენს სხვა დანარჩენი, ანუ ოღონდაც მეგობარი სტატუსი ყავდეს კმაყოფილი, მას მოაწონოს თავი და შენ, შენც და ჩვენც ყველას ერთად თვალისდაუხამხამებლად გაგვწირავს, ისე რომ ხვალინდელზე არც დაფიქრდება. დღევანდელი კვერცხი ურჩევნია...უფრო საშიშად მეჩვენება მეგობარი პირფერობა. დღეს შემოგძახებს გაუმარჯოს იმ აუცილებლობას, რომელიც გვაკავშირებს, ხვალ კი, მისი და კიდევ ვიღაც მესამის სასიკეთოდ, რომელსაც დამშეული ცნობისმოყვარეობა უღრღნის გულს, ისე გაწირავს ამ მეგობრობას არც დაენანება. მერე იმ მესამესაც უღალატებს. ზნე ჩვეულება უმთკიცესია და...მეგობარი გამორჩენა სულმდაბლურია, სამარცხვინო. ანუ თუ ფული გაქვს შენია, თუ არა და მკვდარსაც ისე გადაგაბიჯებს, სინდისის ქენჯნა არც შეაწუხებს. დარჩენილი ვარიანტის განხილვას კი, არც შევუდგები. ენას ძვალი არა აქვს და....მე მაინც ის მწამს, ის რისიც მჯერა, როცა მეგობარი განძია, შენი სულის ნაწილი და ღმერთმა ნუ ქნას  გზები გაიყაროს, აზრთა და ცხოვრების გაგების სხავადსხვაობა მომწიფდეს. ის თავისთვის და შენ შენთვის. ასე იოლად ვერ მოგვარდება თორემ... გულში ჩარჩენილ ტკივილს რას უზამ?

четверг, 18 ноября 2010 г.

დიდგულააა გული და ამიტომ...

ვწერ, ძალიან ბევრს ვწერ, როცა მარტო ვრჩები. მეკითხებიან ამდენს რას წერ, ან რატომ წერო_ ახლა ხომ ვერ ვითავხედებ და ვეტყვი იმას და იმიტომ მეთქი? რას ვწერ და ყველაფერ იმას, რაც ჩემი გულის, სულის, ტკივილის და სიხარულის ნაწილია. მიყვარს კალამი, მისი შესაძლებლობებით. როცა იმორჩილებ ველურ სიტყვებს, იდუმალ აზრებს და მხოლოდ გრძნობეს აძლევ გასაქანს, სულის გამოძახილს. ვაკვირდები ხოლმე, გრძნობა და გონება რამდენად ეწყობიან ერთმანეთს. ხან კი, ხანაც არა. არა მაშინ, როცა გრძნობები ეშვებიან რუბიკონის მორევში. ბობოქრობენ, აწყდებიან საოცარ ემოციებს, გაუგებრობებს. გონება არ უშვებს, მაგრამ არ იშლის. გრძნობა მქვია და საზღვრები რას მიქვიაო.გონება ალბათ უფრო გულს ეწყობა. მის ფიქრებს აანალიზებს, აწონ-დაწონის. გულთან გულისხმიერია. როცა გული ცუდს გაიფიქრებს, გონება უწუნებს, გული გქვია და ამას ნუ დაუშვებო. დარბაისლობას სთხოვს. ხანდახან კი, თავადაც აურევს ხოლმე. მოაწყობს რევოლუციას და მისცემს გასაქანს პირდაპირობას, ამოვარდება ლოგიკიდან. ვერც გაჭრის, ვერც გაზომავს. დაანგრევს მასზე არსებულ სტერეოტიპებს, და წალეკავს გონიერების საზღვრებს. როცა ამას მიხვდება, მერე გვაინი ერქმევა აზრზე მოსვლას. გრძნობები გაუგებს, გაუღიმებს კიდეც, უწყინარ საყვედურსაც ეტყვის_ აკი დამცინოდი? შენც შეგძლებიაო. გული პასუხს მოსთხოვს, გულს ასტკივდება, დაემდურება, მაგრამ მაინც მიუტევებს. გულია და რა ქნას? გულს სიყვარული შეუძლია, მიტევებაც, პატიებაც. დიდგულაა გული და ამიტომ.

вторник, 16 ноября 2010 г.

sino termino

მტკივა! ხან აუტანლად, ხანაც ასატანად, მაგრამ მაინც სულ მტკივა. რა უცებ იქცევიან წამები წუთებად, საათებად, საუკუნეებად და მერე უსასრულო მარადისობად. მეშინია სიბერის, ვიცი სიკვდილი ასაკთან ერთად არ მოდის, მაგრამ მაინც. გული არ ბერდებაო! ახალგაზრდული გული ბებერ სხეულში უფრო მტკივნეულია. ხან მინდა სულ თავიდან ვიწყებდე ცხოვრებას, ბავშვობიდან. მინდა უკან დავბრუნდე დროში. თუნდაც იგივე გზა გამოვიარო, ეს არ მედარდება. ოღონდაც ეს წლები ისევ წინ მქონდეს. მტკივა, რომ შეზღუდულად ვართ დროში. დღე, ღამე, ნათელი, ბნელი, ითვლი თითებზე რიცხვებს, თვეებს, წელიწადის დროებს და ისევ ცოცხლდება ტკივილი. როგორი აჩქარებული ნაბიჯებით წყდები ახალგაზრდობას. უცებ დგება შემოდგომა შენს ცხოვრებაში. ისე უცებ, რომ ვერც კი მოასწარი ბოლომდე შეგეგრძნო გაზაფხულის მთელი სითბო, სიმწვანე, სილაღე და საოცარი სილამაზე. ვერც კი მოასწარი ზაფხულის სიცხე ისე მოგრეოდა და შეეწუხებინე, მოგბეზრებოდა. წამიერად შემოგეპარა შემოდგომა. წინ დგას ზამთარი, თეთრი და ჭაღარა. ამასაც თავისი ხიბლი აქვსო. მოხუციც ბავშვს ჰგავსო ასეც ხომ ამბობენ? კი არ ჰგავს, უნდა ბავშვობა, ენანება განვლილი. გაზაფხულიც რომ აღარასოდეს დაუდგება ესეც იცის. განმეორება აღარ იქნება. ზამთარი ახლოვდება მოგონებებით, მონატრებების ტკივილით. ან როგორ არ მტკიოდეს. ადამიანი ვარ და ორჯერ გაზაფხული არ მოდის ჩემთვის და რა ვუყო იმ სიბერეს, რომელიც მხოლოდ წარსულში სახლობს. აქაც იკარგება აწმყო.
ყინვა კი, ისევ აზრობს ხის ყვითელ ფოთლებს! მხატვრის ფუნჯი გვიხატავს ასაკს. ბავშვობას მწვანედ, სიბერეს თეთრად. გაზაფხულიდან ზამთრამდე ვართ, რა ცოტა დროა!

ბრავადას მოთამაშეები

დავიღალე, დავმძიმდი და მომბეზრდა. ამდენი ერთფეროვნება ამ მოუსვენარ, მოძრავ და ქაოტურ სამყაროში, სადაც ღიმილიც კი ეფემერული გახდა უკვე; ან ცივი, ან ზრდილობისმიერი და გამოცლილი ყოველგვარი ემოციისაგან. ალბათ იმიტომ, რომ ადამიანები არასოდეს კმაყოფილდებიან იმით, რაც აქვთ. ან რით ვერ ივსება ეს ადამიანი, რით ვერ კმაყოფილდება? ადამიანია ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ უნდა ესმოდეს? არ ესმის და ამიტომაც მუდმივად იკარგება აწმყოსა და მომავალს შორის. უკან მოხედვის კი, იმდენს ეშინია წარსული საერთოდ აღარ ახსოვთ. ცნობიერების სადარაჯოზეც მხოლოდ მატერია დადგა. მიზანთროპებით გაივსო სამყარო. მეშჩანები ნოტაციებით გვაბეზრებენ თავს. ვინ მოგცა უფლება შენ, ან შენ, რომ ცნობიერება შეურყიო, დაუქვეითო ან საერთოდ წაართვა იმათ, ვინც შენგან უფრო მეტის მოლოდინშია და ისე ბრმად გენდობა ვერც წარმოუდგენია მის გაბრიყვებას თუ იკადრებ. ვინ მოგცა უფლება მართო და აბუჩად აიგდო სუსტი, რომელიც დაამუნჯა შენმა სიძლიერემ, თავგასულობამ და ყოვლისმკადრებლობამ? იმაზე მაინც თუ ფიქრობ თითოეული იმ ადამიანის უკან კიდევ ათასობით სხვა ადამიანი რომ დგას, რომელიც ჯერ მხოლოდ აკვირდება შენს როლს, შესრულების მანერას და ერთ დღესაც ვეღარ გამოიწვევ მქუხარე ოვაციებს და აღფრთოვანებას მათში, ვერც შიშს და რიდს. მერე რა იქნება_ გიფიქრია ამაზე? შენი არ ვიცი მაგრამ, მე შემეშინდა შენს მაგივრადაც. არადა ხომ შეგეძლო თავიდანვე გეფიქრა შენს ზემოთ იდგა კანონიც, მორალიც, რწმენა და ღმერთი და დროც ყოველთვის იმაზე მეტს ლაპარაკობს, ვიდრე იმედები.

четверг, 11 ноября 2010 г.

ათასად კაცი დაფასდა, ათი ათასად...

`მზე ყოველ ადამიანშია, ოღონდაც საშუალება მიეცი გამოანათოს~ კი ბატონო! მისცემ ერთ შანსს, ორს, ჰა, ჰა სამს, მაგრამ მთელი ურთიერთობა მხოლოდ გამოცდისა და მოლოდინის რეჟიმში ხომ არ უნდა განვითარდეს? თუმცა ყველაფერი მაინც შედარებითია: პირველად გაატარებ, მეორედ დაიძაბები, მესამედ გაღიზიანდები და ბოლოს არასასიამოვნო მოულოდნელობებზე დაფუძნებულ ურთიერთობებს აუცილებლად დაუსვამ წერტილს. ისე, რომ არც გედარდებოდეს, არც გენანებოდეს, არც გაწუხებდეს. იტყვი, საცა არა სჯობსო და...
ახლა რა არის ყველაზე მძიმედ ასატანი-ცხოვრება ტყუილში. მუდამ დაძაბული გონება_ვინ არის ვინ? ეს კითხვა დღევანდელობის ყველაზე დიდ საფიქრალად იქცა. ადამიანი ვინც ერთს ფიქრობს, მეორეს ლაპარაკობს და მესამეს აკეთებს. ეს სამი განზომილება ასე ნაწევრდება, ერთნი მისგან მოტყუებულები, მეორენი დაიმედებულები, მესამენი მოგებულები. პირველ კატეგორიაში ჩადგები მაშინ, თუ თავს გაიშტერებ და მართვადი გახდები. მერე დაგავალებენ, თითს დაგიქნევენ, გიბრძანებენ, შენ კი, მონასავით ენა გადმოვარდნილი ირბენ უბან-უბან, ქუჩა-ქუჩა, რომ მათ სასარგებლოდ მოიმათხვრო, ყველაფერი-ხმაც კი. მერე  ასეთებს, პირდაპირი გაგებით დამონებულებს, იშორებე. იმიტომ და იმიტომ. უხმოდ მორჩილება დამღუპველია. მეორენი დაიმედებულების პოზიციაში აღმოჩნდებიან, იმორჩილებენ, მაგრამ სამაგიეროს მიგების პრინციპით, ანუ ხელი ხელს ბანს. ადრე თუ გვიან `ხმოვანი~ მორჩილება რაღაცას მოუტანს ადამიანს. ეშინიათ პირი არ მოაღოს. მესამე და მთავარი, პოზიცია ლიდერი_მოგებულები. ადამიანები, ნათესაურ-შინაურული წრიდან. იმორჩილებ მარტივად, ავალებ ყველაფერს, იღებ რაც გინდა, შიშიც არ არსებობს წამოძახების, იმიტომ, რომ იციან, რაღაც მათაც შეხვდებათ. რაღაც კი არა...ე.ი მორჩილებამ რა შვაო?_ტყუილი. ხომ ქვია ახლა ამას პოლიტიკა? ჰოდა პოლიტიკასაც თავის მხრივ ბინძური საქმე? რას შობს და ძირს პრინციპებს, თავმოყვარეობას, მორალურ ღირებულებებს, გულისხმიერებას. ბევრ ფულს, ძალაფლებას და გრიალს. ფული კარგი ჯარისკაცია, ყველგან უშიშრად მიდის. ჯიბე კიდე ყველა პიჯაკს აქვს. დააშავებ?_გამოისყიდი. დაუშავებ?_გადაიხდი და ა.შ. ჰოდა ხომ ითქვა ისიც, მაიმუნის გაადამიანურებას საუკუნეები დასჭირდა, ადამიანები კი, ერთ წამში ახერხებენ გამაიმუნებასო? ახლა რომელი სადღეგრძელო უფრო უპრიანი იქნება რომ თქვას კაცმა, გამაიმუნებული ადამიანის, თუ გაკაცებული მაიმუნის?

вторник, 9 ноября 2010 г.

გააჩერე, გაააჩერეეეე!

რას შეიძლება ადამიანმა ასე შემოუძახოს? სამარშუტო ტაქსს? ტაქსს? მატარებელს? არამც და არამც. ეს ისეთი შეძახილია, ეტყობა გაასწრო უკვე და, ეჰ.... მაგალითად ერთმა ჩემმა ნაცნობმა თავის უფრო მეტად ნაცნობს არც მეტი არც ნაკლები, პირდაპირ მოსთხოვა გააჩეროს ყველა ის ინდივიდი, ვინც უკეთ დადის, დარბის, აზროვნებს და მოკლედ, გეზი აქვს წინ წარმატებებისკენ. მიეცით ნიჭსა გზა ფართოო? თუ არ გიშვებენ როგორ? თაყვანისცემა ღირსებასო? უღირსები რომ წამოგვაჯდნენ თავზე? გაგებაც ჩამოყალიბდა ცოტა ბოდიში და ქურდული და კიდევ უფრო მეტად გაუგებარი. ამბობს ადამიანი პირდაპირ მეთქი-მე ამდენი არ შემიძლია, ვერ ვქაჩავ, მიჭირს ბოლოს და ბოლოს, ოღონდ მართლა უჭირს, მატერიალურად კი არა! მაგრამ ჩემზე წინ სხვა რატომ უნდა წავიდეს? მითუმეტეს მაშინ, როცა ამის საშუალებას გვაძლევს ხელთ არსებული ბერკეტები? ასეთებისთვის სინდისი სამსჯავრო არასოდეს იქნება, მხოლოდ თვალებს გიფახულებენ ურცხვად: პროფესიონალები ვართ გენაცვალე. ვაი და ვაი. არადა რეებს გიჩალიჩებენ? გაგიჟდები ხანდახან ისე გაგიკვირდება. თან ისე უჩუმრად, თუ ჭკუა არ გიჭრის ვერც მიუხვდები, იმიტომ თუნდაც, რომ უცოდველი კრავების როლს თამაშობენ საზოგადოებაში, სცენარსაც არა უშავს, რეჟისორი ჰყავთ გამოცდილი, მსგავს ინტრიგებში მრავალწელგამოვლილ_ გამობრძნედილი. თან რა ომახიანად შემოგძახიან მაღლობიდან_ მაინც ამოგთხრიიი. ვითომ?

понедельник, 8 ноября 2010 г.

ჰიპოთეზური აპოთეოზი

არსებობს პათოსი, რომელზედაც ერთეულები, საბედნიეროდ ერთეულები  იციკლებიან. რატომ საბედნიეროდ და მაგალითად ჩემთვის ყველაფერი მიუღებელია,  რაც რეალობასთან არ არის კავშირში. ღრუბლებში ფრენა  და ვარდისფერი სათვალით სამყაროს აღქმა ბავშვურ ასაკშიც კი დასაფიქრებელია, ბავშვებიც ძალიან გონებაგახსნილები და მოაზროვნეები იბადებიან ბოლო დროს. მაგრამ არსებობენ პატარა დიდებიც, რომლებიც აზროვნებენ, მსჯელობენ და იქცევიან ეფემერულად. ნუ იფიქრებს ვინმე ვზივარ აქ და დიდაქტიკოსის მანტია მოსხმული ადამიანთა მოდგმას ვარ დარეული, სულაც არა, უბრალოდ ხშირად მემართება ვწერო იმაზე, რაც არ მომწონს და რისი გამოსწორებაც მინდა, თორემ, საქილიკოდ კი არა. გეცნობათ ალბათ ფრაზები: \ადამიანები ერთნამეთს ზემოდან მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა უყურებდნენ, თუ ერთს მეორის წამოყენება სწადია~  ჰოდა ასე მჯერა მეც. უბრალოდ მომკალით და ვერ ვიტან დილეტანტებს.მაღიზიანებს ხელოვნურობა. რატომ არის ზოგიერთისთვის მიუღებელი სიტყვა ~არ ვიცი~? ან ვის უმტკიცებენ თავიანთ ვითომ ინტელექტს, ვითომ ადამიანობას?  აი ეს არის ყველაზე გამაღიზიანებელი, პიროვნული დევალვაცია. ჩემი აზრით სწორედ ასეთების დამსახურებაა, შურის, ეგოიზმის, ბოროტების აღვირახსნილობა. ასეთები არიან, ფეხებს რომ გვიბაკუნებენ ყველაფერი შეგვიძლიაო და თუ რამე უკეთესად გამოგივიდა წაგეკიდებიან და გიწყებენ დევნას, ჩაქოლვას. პირდაპირ გთხოვენ ან აღიარო მათი უვიცობა, ან შენც მათნაირი გახდე. კარგად რომ დავუფიქრდი, მაშინ გავაანალაზე რატომ ეტმასნებიან ერთმანეთს ერთნაირები. ეტმასნებიან მეთქი, თორემ... იმიტომ, რომ ენა აქვთ საერთო. ედიდგულებიან მაინც ერთმანეთს, მიზანი აქვთ ერთი: როგორ მოახდინონ მათი  ცნობიერების  გაპოპულარება ისედაც დაბნეულ საზოგადოებაში. დაბნეულში იმიტომ, რომ ძნელია ცხოვრობდე დღეს ჩვენს რეალობაში და ზუსტად არჩევდე რა ხდება შენს ირგვლივ. ყველაფერი ყველაფერია მაგრამ, შეკვეთილი აპოთეოზი როგორი მისაღებია? ტრუბადურები რომ დამწკრივდებიან და ფართო მასებზე იწყებენ მუშაობას. აპიარებენ სულმდაბლობას, ზნედაცემულობას, სიცრუეს, სიყალბეს. იმიტომ, რომ შემკვეთები დაპირებებს უხვად არიგებენ. სინდისის გაყიდვას უფასებენ, უმადლიან. სამსახუებითაც უზრუნველყოფენ და ამის გამო რაზე არ ვართ წამსვლელებიო. ეს კიდე არაფერი, მედიატორი რომ არ გერქვას საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის და ხალხის მოტყუებას არ ემსახურებოდე და მათთვის თვალებში ნაცრის შეყრას. მეტი არ მოგეთხოვება ვითომ? ჰოდა, ალბათ სწორედ ასეთების \სადღეგრძელო აიტაცა~ იმ დღეს ერთმა კარგმა ადამიანმა, ომახიანად რომ შემოსძახა ფეისბუქზე , ამ სასმისით ვითომ ჟურნალისტებს გაუმარჯოსო.

пятница, 5 ноября 2010 г.

ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში?!

რა სასიამოვნოა, როცა შენი კალმიდან სიმართლე, სიკეთე და სიწმინდე თაფლივით მოედინება. რა დიდი სიამოვნებაა, როცა შენს თვალწინ ახალი ქმნილება იბადება, რომელიც შემოგნათებს და გეტყვის: \შემიყვარე და გამიფრთხილდი~ არადა სწორედ ეს კალამია, რომელიც ყველაზე სავსედ, ხელოვნურად ახერხებს ადამიანის გულის სიღრმიდან მისი სულის გამოფენას. ახლა მთავარი ისააა, რამდენად სუფთა გაქვს გული, რომ სულიც სუფთად გამოფინო. რაც მთავარია კალამს უსასრულობამდე გასაქანი არ უნდა მისცე და  ჩარჩოებში ჩაატიო. ანუ ეთიკის, ლოგიკის, დამაჯერებლობის, სანდოობის, ფაქტების და ყველაფერი პოზიტიურის. ამას წინათ ერთ–ერთი ახლად გამობარტყებული გაზეთის ფურცლებიდან ამოვიკითხე, თურმე ჩემს კოლეგებს მუშაობაში ხელს მიზანმიმართულად უშლიან მედია წიწილები, თან დართული მოსაზრებით, იმიტომ, რომ \კარგი ყოფილა თურმე მუდამ მტრიანი~.  დავიწყებ იმით, რომ ბრალი გვედება იმ გულგრილობაში, როცა ჩვენს მეგობარ კოლეგებს,  არ ვაძლევთ მუშაობის საშუალებას, ანუ, გაზეთი, რომელსაც არ არსებული დამფინანსებლების გამო ოფისიც კი არა აქვს და მის ჟურნალისტებს ქუჩაში უწევთ მუშაობა არ ვეპატიჟებით ჩვენს კომპიუტერებთან, ჩვენსავე რედაქციებში და არ ვუქმნით გამართულ სამუშაო პირობებს. იქნებ თქვენ ამიხსნათ ლოგიკა სად არის? შენ ოჯახაშენებულო, ოფისი არ გაქვს, კომპიუტერი არ გქვს, ფოტოაპარატი არ გაქვს, გაზეთს როგორ უშვებ?  მესმის, რომ იმდენ უსამართლობას ხედავ ვეღარ დაიტიე და მაინც და მაინც გაზეთის ფურცლებში გინდოდა მოგექცია, მარა მე რას მერჩი, ან წიწილს რატომ მეძახი? კრუხი კი გქვიებია შენ და ერთი მამალი როგორ ვერ იშოვე სოფელი რომ აგეშენებინა?

четверг, 4 ноября 2010 г.

ნიღბოსნების ზეიმია?

\ლაპარაკობთ ჩემს ზურგს უკან???? ე.ი. წინ ვდგავარ. ჩემს ცხოვრებას აკრიტიკებთ? ე.ი. თქვენს ცხოვრებაზე საინტერესოა. ცდილობთ მომიძებნოთ ნაკლი? ე.ი. გშურთ ჩემი.ტალახის ღირსად მთვლით?ე.ი. აქამდე სუფთად მივლია. ასე გააგრძელეთ მომიტევებია~... არ ვიცი ვის დაესესხა ამ სიტყვებში ჩემი ერთი მეგობრის მეგობარი, მარა მიტევების უნარი, რომ მაღალზნეობრიობას უტოლდება ამაზე ალბათ საუბარიც ზედმეტია.. \ენას რომ ძვალი არა აქვს~ ესეც კი ვიცით ყველამ.  მე მაგალითად ახლა იმის ძიებაში ვარ, ამ უძვლოობამ რამხელა სიგრძე–განი მისცა ამ ჩვენს თავდაცვის, გნებავთ თავდასხმის ერთ–ერთ მთავარ იარაღს.ისე გაქანებაცაა და გაქანებაც, ზოგისთვის გრძელსიტყვაობის, ზოგისთვისაც ლაკონურობაში გამოხატულების საშუალება. გაგიგიათ ასეთი ფრაზა_ლინგვისტური ინვესტიცია? ეს არ ნიშნავს პოლიგლოტური შესაძლებლობების გამომხატველ სიტყვას. უფრო მეტყველების კულტურასთან ყოფილა კავშირში. რას უნდა ნიშნავდეს ზემოთხსენებული კულტურ? საუბრის დახვეწილ მანერას, სათქმელის სწორად ჩამოყალიბებას, თუ წინადადებების გამართულობას? ალბათ ყველაფერს ერთად. ეს კი ბატონო, გავიგე. ახლა რაც ვერ გავიგე რა არის თუ იცით? გადაკრული საუბარი, ირიბი ნათქვამი და კიდევ  უფრო გაუგებარი_ გამოყენებადი ლოგიკა რას უნდა ნიშნავდეს. ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა ამ ფრაზების, ალბათ ზუსტი, განმარტებისთვის მიმეგნო. აღმოვაჩინე, რომ ეს ნიშნავს თურმე ჭრელო პეპელას, უფრო ზუსტად: როცა ადამიანი გეძახის მეგობაროს, დაიკოს, სიხარულოს (სულ მიკვირდა ამ ბოლო დროს ქართველებს როგორ გამძაფრებია ერთმანეთის სიყვარული და  პატივისცემის უნარიმეთქი) და ა.შ და სინამდვილეში თურმე სულაც არ ფიქრობს ასე და გეძახის იმიტომ, რომ რაღაც გამოგტყუოს, მომარჯვებული ფარისევლობით მეგობრად დაგაგულებინოს თავი, ან სანდო ადამიანად, რომ თანდათან გაერკვეს შენთან ბრძოლისთვის გამოსაყენებელ მეთოდოლოგიაში, დარტყმის სიძლიერეში, კუთხის შერჩევაში  და მერე.... (ეს ისეთ ადამიანებზე მაქვს საუბარი, ტექსტი რითიც დავიწყე, ანუ ვისიც შურთ, ვინც საინტერესოა, ვისაც მიტევებაც შეუძლია და რაც მთავარია, საზოგადოების ყურადღების ობიექტია. ვის ვითომდა დასამარცხებლად ისეთ მესამეს გამოიყენებენ ხოლმე იარაღად, თავადაც ბოლომდე რომ ვერ გარკვეულან მის შესაძლებლობებში და ამ ეიფორიაში არიან მანამ, სანამ მთლად სამარცხვინოდ არ ჩაუვარდებათ კოვზი ნაცარში). ო, მერე იწყება ყველაფერი, უფრო ზუსტად ერთი უკვე ნელ–ნელა იწყებს გარემოს შესწავლას და  ცდილობს თავდაცვას.ის მეორე რას აკეთებს?  დაძაბავს გონებას გაიხსენოს ყველაფერი, რაც ოდესმე მასთან წამოგცდენია,  მოგიგონებს კიდეც და იწყება მუშაობა, რომელი ფრაზა რომელ სიტუაციას მოარგოს, რომ შენი ტიპაჟი ჩამოაყალიბოს ე.წ. საზოგადოებასთან, ვინც კარგად არ გიცნობს, ან გიცნობს კიდეც მაგრამ, ეთანხმება იმიტომ, რომ სხვა გზა არა აქვს. იმიტომ, რომ  უკვე დამორჩილებულია, მის დაკრულზე ცეკვავს, არ იცეკვებს და.... მაგრამ, ამითაც კი არ კმაყოფილდება, ნახავს ერთ მორჩილსაც თავისი ~სამეგობრო~ წრიდან~, ვითომ მასზე გაბრაზებულს, მოგიცუცქდება და იწყება ჭორაობა გაუთავებელი (ამას მერე ეძახიან სანდო წყაროებს). თუ ჭკუა დაგირჩა და აყევი \სიტყვების თამაშში~, ხომ კარგი შენთვის. მოგეკრება წინდახედულის იარლიყი და გაურთულდებათ საქმე, თუ არადა, რაც მოგივა შენს თავს დააბრალე. ვერ გისწავლია შეცდომებზე ცხოვრება და....ჰოდა ზუსტად ბოლოს გათქმევინებენ; \მე ხომ ჩემი დამემართა, მარა მორჩილებაც რა უბადრუკი თავშესაფარია ისე?! მორჩილების უბადრუკობას  ბევრიც აღიარებს, ბევრიც კი, არა,  შენზე იფიქრე თორემ!

среда, 3 ноября 2010 г.

რატომ? იმიტომ, იმიტომ...

როდესაც რაიმე ეგაუგებრობა ხდება, ან რაღაცისადმი ინტერესი გვიჩნდება, ჯერ სიტუაციის სიღრმისეულ გარკვევას ვცდილობთ და ჩნდება კითხვების წყება: რატომ მოხდა? რატომ  ამდენ ხანს ვერ გაიგეთ? რატომ არაფერი იღონეთ? და გაგრძელდება ასე დაუსრულებლად მანამ, სანამ არ ამოჩნდება ვიღაც თავხედი და ლავირების მიზნით არ მოგახლის ცხვირში, იმიტომ, იმიტომ.
და ეს რა შემთხვევაში ხდება იცი? როცა ვიღაც თავისი ზღვარსგადასული თავხედობით და უვიცობიოთ ცდილობს კანონზე მაღლა დადგეს. ჰოდა იწყება უფლებებით პროვოცირება, მე ასე მინდა და ვაკეთებ კიდეც, ან რას შეეპასუხებვი_გასდის და....და რატომ გასდის? იმიტომ. ხო, იმიტომ. ამ დროს ჩვენსკენ რა ხდება? ანუ უბრალო მოკვდავებისკენ? ჩვენ ვხდებით გმირები, ყოველდღე სამკვდრო–სასიცოცხლო ბრძოლა გვაქვს გამართული ცხოვრებასთან და არ ვურიგდებით ბედისწერის უმოწყალო დარტყმებს.არ ვეგუებით დამარცხებას და ვაჟკაცურად ვებრძვით, რათა უვარგის ნივთებს არ დავემსგავსოთ და ერთი პატარა ადგილი დავიკავოთ ამ თითქოსდა უაზროდ მოწესრიგებულ ქაოსში. ხოდა ეს კი იძახებს იმიტომო, გასდის და....

понедельник, 1 ноября 2010 г.

"ამას 20 წლიანი ბრძოლის აპოგეა და შემოქმედებითი ნგრევის მიზანმიმართულობა ჰქვია"-აცხადებს მხატვარი მარინა უჯმაჯურიძე - მარინა უჯმაჯურიძე გალერეისთვის ნამდვილი სახის დაბრუნების აუცილებლობაზე საუბრობს

ვინც უკვე წაიკითხეთ, მინდა გითხრათ, რომ ეს კიდე არაფერია იმასთან, რასაც ეს ადამიანი 20 წლის განმავლობაში მხოლოდ იმის გამო იტანს, რომ სხვაზე ნიჭიერი და მართლა შემოქმედია. საერთოდ ადამიანები ადვილად ვეგუებით გარემოში შექმნილ დამთრგუნველ პირობებს. მაგალითად ისეთს, როცა ერთეულები, თან უნიჭოები, ყველა ღონეს ხმარობენ გასაქანი არ მისცენ ნიჭიერებას, ჩაქოლონ და გაანადგურონ ყველა და ყველაფერი, ვინც და რაც მათ უსუსურობას და ინფანტილიზმს ააშკარავებს. ამის მაგალითები ბლომად გვაქვს და მხოლოდ იმას ვამბობთ, რომ სამწუხაროა, ან ღმერთმა განსაჯოს. კი ბატონო განსჯის და მოეკითხება კიდეც, მაგრამ ეს იქ, ზემოთ. ამის იმედზეც ხომ ვერ ვიქნებით მხოლოდ? რატომ შეიძლება ადამიანები დავმუნჯდეთ მაშინ, როცა წესით ხმამაღლა უნდა ვყვიროდეთ და ყველაფერს ვაკეთებდეთ უსამართლობასთან წინააღმდეგობის გასაწევად?. მაგრამ რაშია საქმე?_სხვის პრობლემებზე თითქოს ვწუხდებით, მაგრამ არასოდეს ვფიქრდებით, რომ თუ დუმილს ოქროს ფასს მივცემთ, ხვალ და ზეგ ჩვენც იგივე დღე გველის და საბოლოოდ სადამდე მიგვიყვანს ეს ყველაფერი?–ბოროტების გაბატონებამდე.  როგორ არა, როცა სიკეთის დასაცავად თითსაც არ ვანძრევთ. არაფერი ისეთი ამაზრზენი და საშიში არ არის ამ ქვეყანაზე, როგორც დაჩოქებული სიმართლე. მოდი ისევ ამ წერილს დავუბრუნდები და გკითხავთ_რატომ ბედავენ ეს ერთეულები ამდენი სისაძაგლის კეთებას იცით? იმიტომ რომ ზურგს ათი და უფრო მეტი მასზე უარესი სიბინძურით გაჟღენთილი სულის ადამიანები უმაგრებენ. ეს იმ ვიღაც, მასზე უარესის პროტეჟეა და გრძელდება ასე დაუსრულებლად. ამიტომაც გახდა ასეთი აპრობირებული დღეს  კითხვის დასმა: \ვინ დგას ამის უკან?~ ისე ზურგის გამაგრება ბრძოლაში ნამდვილად კი გვჭირდება ყველას, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა მტერს ვებრძვით. აბა ჩვენ თუ იმას ვებრძვით , ვინც  ჩვენს მტრად მხოლოდ იმის გამო გესახება, რომ უფრო ძლიერია, მაშინ ეს პრობლემაა ჩვენი და თავს უნდა ვებრძოლოთ რომ მის სიმაღლემდე ავმაღლდეთ, ან არადა გავიაროთ რა....მერე რა გაგიკვირდება იცი ადამიანს ყველაზე მეტად? ფასადური ურთიერთობები, ხელოვნური მოძრაობები, მიმბაძველობითი  საუბრის მანერა და ყველაფერს კი აპატიებ უვიცს, მარხვა და სარწმუნოებაც ფასადური რომ არ გაეხადა. სასაცილო არაა, როცა სუფრასთან დაჯდომამდე ყვედრებით სულს გვხდიან ვმარხულობ და ხორცს ვერ შევჭამო?!  ნუ შეჭამ, რაა მერე. მარა, უბედურება ისაა, ასეთებს მარხვა მარტო \ხორცეულის~ დათმობა რომ ჰგონიათ და არა სულის გაწმენდა.  მაშინ შენ მითხარი ეკლესიიდან გამოსული კაცი, თუ ქალი, პირჯვარს რომ  იწერს, მარხულობს, ზიარებას იღებს და საათობით ზის და ჭორაობით ენას იჩლექს, ან იმაზე ფიქრობს,  მას ვინც მასზე  უფრო ძლიერად და ნიჭიერად  ესახება  ათასი სიბინძურე მოუგონოს, გაუკეთოს და მერე ამაში მისი ბრალეულობა მარტო იმისთვის ვერ დაინახოს, რომ ვიღაცაებს თავს უცოდველ ბატკნად აჩვენებს. ან იმითაა გაბღენძილი ვითომ მაგარი პროტეჟე რომ ჰყავს. ვითომ კი არ ჰყავს, მართლა ჰყავს, მაგრამ ვითომ მაგარი. არც ის მინდა გამიგრძელდეს სათქმელი, ამიტომ ბოლოს ერთს ვიტყვი და წავალ: \წყალნი წავა და წამოვა ქვიშანი დარჩებიანო~  ნურავინ იფიქრებს თავისი მოჩვენებითი ერუდიციით ან ინტელექტით,  მით უფრო რწმენით ბოლომდე გავა. შუა გზაში შეჩერდებით ან შეგაჩერებენ ზუსტად ისეთ დროს, როცა გზის გაგრძელება ყველაზე მეტად გენდომებათ და დათმობაც გაცილებით მტკივნეული იქნება, ვიდრე ახლა თქვენ ტკენთ სხვებს. იმიტომ, რომ გაყიდული სინდისი  30 ვერცხლზე მეტად არასოდეს შეფასდება. ღირს კი?

"ამას 20 წლიანი ბრძოლის აპოგეა და შემოქმედებითი ნგრევის მიზანმიმართულობა ჰქვია"-აცხადებს მხატვარი მარინა უჯმაჯურიძე - მარინა უჯმაჯურიძე გალერეისთვის ნამდვილი სახის დაბრუნების აუცილებლობაზე საუბრობს

მარინა უჯმაჯურიძემ 1981 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის კინო-ტელე ფაკულტეტი. პედაგოგები დიმიტრი თაყაიშვილი,გიგო გიგაური და თენგიზ სამსონაძე. სწავლის პერიოდში უმუშავია კინოსტუდიაში, დიპლომი დაიცვა ფილმზე "ათოვდა ზამთრის ბაღებს", ამის შემდეგ გადადის "ქართულ ფილმში" დამდგმელ მხატვრად და აფორმებს გუგული მგელაძის ფილმს "მაცივარში ვიღაც იჯდა", იმუშავა ნ. ახვლედიანის ფილმზე "მოგზაურობა" და ბ. ჩხეიძის "გერონტუა"-ზე.
დაწვრილებით- http://www.guriismoambe.com/index.php?option=com_content&view=article&id=6002:q-20-q-&catid=33:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90&Itemid=53

пятница, 29 октября 2010 г.

გურიაში უფლებების გადამეტებას მაქსიმალური გასაქანი მიეცა

ალბათ ამით ისეთსაც არაფერს ვამბობ, რაც სხვაგან არ ხდება, მაგრამ მეჩვენება გასაქანის არეალი  აქ უფრო ფართო უნდა იყოს. ამას შეიძლება დავარქვათ თავხედობა, უფლებების გადამეტება, მოსახლეობისთვის თვალებში ნაცარის შეყრა, ან უფრო უარესი ყველაფრის გასვლის პოლიტიკა. ყველაზე საოცარი კი, ის არის თუ ამხელ ინტრიგანს რომ გეძახიან, თუ არა და \რა ჟურნალისტს~ ან ისეთი შუალედი როგორ გინდა იპოვო არც მწვადი დაწვა და არც შამფური, როცა თვალსაჩინოა ლაფსუსები, უფრო ხშირად კი კაზუსები. მაგალითისთვის ალბათ გამოდგება გაზეთ \გურიის მოამბეში~ დაბეჭდილი ინტერვიუს შემდეგ განვითარებული მოვლენები, რომელიც საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოადგილე, ლია ქათამიძესთან ჩავწერე, რაზეც ადგილობრივ ხელისუფლებას წესით რეაგირება უნდა მოეხდინა. იმიტომ რომ, ქალბატონ ლიას თავის დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციებში ბუღალტრის თანამდებობაზე, თან რამდენიმე ადგილას საკუთარი შვილი ჰყავს გაფორმებული. ციტირებას მოვახდენ მისი სიტყვებიდან: \პროფესიით ჩემი შვილი ეკონომისტია, რომელსაც ასევე აქვს გავლილი ბუღალტერიის კურსები. საკმაოდ კარგი სპეციალისტია. დაახლოებით 7 წლის მუშაობის სტაჟი აქვს და კარგად ესმის ეს სფერო, რათქმაუნდა ჩემი დახმარებითაც, იმიტომ, რომ დიდი გამოცდილება მაქვს ამ საქმეში~ ლოგიკურია გაჩნდებოდა კითხვაც ამაზე მაგალიტად ასეთი:
თქვენ ხართ ფინგანის თანამშრომელი და გაქვთ ამის უფლება, რომ თქვენს დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციებში მომუშავე ბუღალტერ შვილს თავად უწარმოოთ ბუღალტერია?
\ჩემი სახელი და გვარი ხომ არსად არ არის დაფიქსირებული? თქვენ როგორ ფიქრობთ, საკუთარ შვილს არ შეიძლება დაეხმარო? ვიღაცასთან მიიყვანო და ასწავლო და მიმართულება მისცე როგორ აწარმოოს ბურალტერია? ამის უფლება არ მაქვს? რა, ჩემი შვილი რომაა  ამიტომ არ უნდა მუშაობდეს?~ მოკლედ , იყო იურისტის განმარტებაც ასეთი სახის შეზღუდვები, \საჯარო სამსახურის შესახებ\ კანონის რამდენიმე მუხლში რომ  გვხვდება,    მაგრამ რა მერე, როგორც გაირკვა ოზურგეთში ძალა აღმართს ნამეტნავადაც ხნავს და სულ რაღაც რამდენიმე თვის შემდეგ, ქალბატონი ლია  მოადგილეობიდან სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებს.  გაგრძელება იქნება.

ჯონ ბასი: "მთავარია ჟურნალისტები პატივს სცემდნენ მათ მიერ განხორციელებულ საქმიანობებს და თავადაც იყვნენ პატივცემულნი"

 ბატონო ელჩო, თქვენ მოგეცათ საშუალება გაცნობოდით გურიას, რას გვეტყვით კონკრეტული ვიზიტის და მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ? 
_ ჩემი სტუმრობა გურიაში გახლავთ ნაწილი იმ სტუმრობებისა, რომელიც მე მაქვს საქართველოს რეგიონებში. ამ შეხვედრებით ვცდილობ უკეთესი წარმოდგენები შევიქმნა თუ რა საკითხები აწუხებს საქართველოს მოსახლეობას რა არის მათი ინტერესები, მათი საჭიროებები და როგორი დამოკიდებულება და განწყობა აქვთ ეკონომიკურ და დემოკრატიასთან დაკავშირებული თემების მიმართ.
_ მწუხარება, რომელიც თავს დაატყდა პოლონელ ხალხს, არ იყო მარტო პოლონეთის ტრაგედია, მან მსოფლიო მასშტაბები მოიცვა. როგორ ფიქრობთ, ამ ტრაგედიის და უკრაინის არჩევნების შემდეგ, რა უნდა გააკეთოს საქართველომ, რომ შესძლოს მის მიერ აღებული კურსის შენარჩუნება? ქვეყანამ, რომელიც ამ ორ ქვეყანასთან ერთად ფაქტობრივად ქმნიდა აქტიურ პროდასავლურ რკალს. 
_ მე დღეს იგივეს გავიმეორებ, რაც უკვე ვუთხარი თქვენს კოლეგებს, ჟურნალისტებს, რომლებიც მე შემხვდნენ მოსწავლეთა სასახლეში, სადაც მივედი ჩემი მწუხარების გამოსახატად და მისასამძიმრებლად პოლონელი ხალხისათვის. წიგნში, რომელიც იქ იყო გახსნილი, აღნიშვნა გავაკეთე, რომ ნამდვილად ეს არის უზარმაზარი დანაკარგი. საქართველომ დაკარგა არა მარტო მეგობარი, თავისუფლებამ დაკარგა მეგობარი. თქვენს კითხვას რომ უფრო კონკრეტულად ვუპასუხო, რა შეიძლება გააკეთოს საქართველომ დემოკრატიის კონსოლიდაციის მიზნით და იმ კურსით სვლის გაგრძელებით, მთავარია გაძლიერდეს ინსტიტუტები და კულტურული სახის ცვლილებები მოხდეს. არ უნდა იყოს ყველაფერი, მხოლოდ პიროვნებებზე დამოკიდებული. დემოკრატიულ სახელმწიფოში უმნიშვნელოვანესი არის კანონის და არა პიროვნების უზენაესობა. მომდევნო ადგილობრივი არჩევნები, რომელიც ჩატარდება როგორც გურიაში, ასევე მთელს დანარჩენ საქართველოში, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი შეიძლება გახდეს საქართველოში დემოკრატიის პროცესის გასამყარებლად და წინაპირობაც, უზრუნველყოფილი იქნეს 2012-13 წლის არჩევნებისათვის დემოკრატიული პროცესები. აუცილებელია ქვეყანაში ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა ხორციელდებოდეს და არა ცვლა ქუჩის მეშვეობით. ამ პროცესში ძალზე მნიშვნელოვანია ის წინასაარჩევნო კამპანია, რომელსაც პოლიტიკური პარტიები ახორციელებენ.
_ კითხვა, რომელიც ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს აწუხებს, მსოფლიო პოლიტიკაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს უკავშირდება. ხომ არ არსებობს ალბათობა იმისა, რომ საქართველო პირისპირ, მარტო აღმოჩნდეს რუსული საფრთხეების წინაშე. ხომ არ ფიქრობთ, რომ იქნებ სწორედ ამან გამოიწვია ბოლო წლების მანძილზე პირველად, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში პრორუსული ორიენტაციის ძალების გაერთიანება? 
_ ალბათ უმნიშვნელოვანესია თქვენი მაყურებლისთვის, იცოდნენ ის, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს უფლებას, რომ თავად განსაზღვროს და აირჩიოს საკუთარი მეგობრები. ნამდვილად უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომ საქართველომ აირჩიოს ის გზა, რომელსაც სურს რომ გაჰყვეს შემდგომში. ჩვენ, ჩვენის მხრივ, მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სურვილს გახდეს `ნატოს~ წევრი ქვეყანა და ევროატლანტიკური ორგანიზაციების ნაწილი.
ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში შეგვაქვს ჩვენი წილი საქართველოს განვითარების საქმეში. ვცდილობთ განვახორციელოთ ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში, ეკონომიკაში, სამუშაო ადგილების შექმნაში, ეკონომიკის ზრდაში. რათა დროთა განმავლობაში საქართველომ უნდა შექმნას სიცოცხლისუნარიანი ეკონომიკა, რომელიც იქნება მიმზიდველი ქვეყნის რეგიონებისათვის და გარკვეული მოდელის როლს შეასრულებს. ასევე ქვეყანას ექნება საკმაო სიძლიერე, რომ მეტად უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოებაც.
__ ჭეშმარიტი დემოკრატიის მშენებლობაში ერთ-ერთი განსაკუთრებული როლი ალბათ მედიას უკავია. რა სტრუქტურა შეიძლება შემუშავდეს, ან რა სტრატეგია, რაც მედიის როლს უფრო მნიშვნელოვანს და კონსტრუქციულს გახდის საზოგადოებაში? 
_ ალბათ უმნიშვნელოვანესი როლი აქვს მედიას ამ პროცესებში, აქ მნიშვნელოვანია რომ დაცული იყოს სამართლებრივი მოთხოვნები და პროცესი სამართლებრივ ჩარჩოებში ხორციელდებოდეს.
ჟურნალისტები თავისთავად პატივს უნდა სცემდნენ მათ მიერ განხორციელებულ საქმიანობებს და ასევე ისინიც იყვნენ პატივცემულები თუ გნებავთ ადგილზე პოლიციის, პროკურატურის თუ სასამართლოების მხრიდან.
ეს მნიშვნელოვანი როლი ეკისრება ზუსტად მედიას და მნიშვნელოვანია, ასევე თითოეულ ადამიანსაც ესმოდეს ის როლი, რომელსაც ასრულებს მედია. მე პირადად, როგორც ადამიანი , ხშირად მიწევს კითხვებზე პასუხის გაცემა და ყოველთვის არ ვარ მოხარული იმ კითხვებით რომელსაც მისვამენ, მაგრამ კარგად ვიაზრებ ყოველთვის იმ მომენტს, რომ მე ჩემი მთავრობის სახელით ვალდებული ვარ გავცე პასუხი. მე ამას ყოველთვის სერიოზულად ვეკიდები.
_ რაც შეეხება რეგიონულ მედიას, `გურიის ტელევიზია~ და გაზეთი `გურიის მოამბე~ ამჟამად ახორციელებს ამერიკის საელჩოს მიერ დაფინანსებულ პროექტს: `რეგიონაული მედია რეგიონის მოსახლეობისათვის~, რასაც ჩვენთვის ნამდვილად საციცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა.
რჩება თუ არა საელჩოს ერთ-ერთ პრიორიტეტად რეგიონული მედიის განვითარების ხელშეწყობა? 

_ ზოგადად ვისაუბროთ იმაზე, რომ ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ ჩვენი ძალისხმევა, მიმართული საქართველოში დე­მოკრატიის განვითარებაზე და ეს გახლავთ ნაწილი, ჩვენს მიერ საქართველოს მოსახლეობაში განხორციელებული ინ­ვესტიციისა.
კონკრეტულად თქვენს კითხვას რაც შეეხება, მოხდება თუ არა რეგიონულ მედიასთან თანამშრომლობის გაგრძელება, აქ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი გრანტების გამოყოფა დიდად არის დამოკიდებული კონგრესის გადაწყვეტილებაზე.
ჩვენ ყოველწლიურად წარვუდგენთ კონგრესს ინფორმაციას ჩვენს მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ და ასევე ყოველწლიურად ვიღებთ კონგრესისაგან ამა თუ იმ გადაწყვეტილებას.