суббота, 25 декабря 2010 г.

უმსგავსობის ვერნისაჟი

ღიმილი სასიამოვნოა, ლამაზია. მომწონს მომღიმარი ადამიანები, რომელთაც კეთილი ღიმილით თვალებიდან სიკეთე და სითბო უბრწყინავთ. სიცილიც მიყვარს ჯანსაღი და გულისმიერი. ხარხარიც გამიგია, როცა რაღაც ძალიან გახალისებს, მაგრამ ამ ხითხითს ვერ ვიტან და მომკალი. სიბინძურის ხმას რომ გადმოსცემს და ვიღაცის დასაცინად ბოროტებას ასე უფარავად გამოსცრის კბილებიდან. რა სულმდაბალი უნდა იყოს ნებისმიერი, როცა გვერდით მჯდომზე და მის ნათქვამზე ისე ჩაიხითხითებს მოურიდებლად, ვითომ უკეთესის თქმას ანებებდეს მისი გაუბედურებული გონება. იმას მაინც იაზრებდნენ, უარესი დაცინვის ღისრსნი სწორედ იმ უხეშობის გამო რომ ხდებიან, როცა ერთმანეთის დაცინვას და გაწირვას მხოლოდ იმ უზნეობისთვის ქედის მოსახრელად აფიქსირებენ, ვინც გულში სწორედ ამ უბადრუკობაზე ხითხითებს უარესად. ან რა არის იმაზე საზიზღარი სანახავი, ვიდრე ოთხი ისეთი თვალის შეფეთება, რომელიც ორი ადამიანის ერთმანეთზე უარეს სულის სიბინძურეს დაუფარავად და უტუხად ამზეურებს. მეგონა მხოლოდ დიდი სიყვარული შემეძლო, მაგრამ სიძულვილი უფრო დიდი შემძლებია ამ უკუღმართობის შემყურეს და გადამკიდეს. ან როგორ მიყვარდეს სხვისი მოძულე, მოქილიკე და ბაბუინობამდე დასული სულიერი, რომელსაც არად ენაღვლება თავისი დემორალიზაცია, რადგან სამარცხვინო მისია თავად იტვირთა და აღმაფრენასაც და წამიერ ეგზალტირებასაც მხოლოდ გათითოკაცებული პერსონები იწვევენ მათში.

воскресенье, 12 декабря 2010 г.

ეს გზა ტაძრამდე მიგვიყვანს?

არაფერი ისე ამაზრზენად არ მოქმედებს ჩემზე, როგორც მატყუარა და თვალთმაქცი ადამიანების გნიასი საზოგადოებაში. ადამიანებისა, რომლებიც მაღალფარდოვანი, ორაზროვანი გამონათქვამებითა და უაზრო სიტყვათა ხროვით დაუნანებლად იგდებენ აბუჩად სხვებს და არასოდეს აწერენ ამას ჭკუის სიღატაკეს. თვალებში რომ მოგაშტერდებიან და ათას აბდა-უბდას ისე მოგახლიან, სირცხვილისეულის რომ არაფერი შეაწუხებთ. იმ ავანგარდზე ვსაუბრობ, თავზე სხვების მართვას რომ იღებენ და მათ იწილო-ბიწილო გადაწყვეტილებებს ისე გვახვევენ, გაბედე და შეეწინააღმდეგე. სიტყვის თავისუფლება უტოპიად მხოლოდ ამისთვის გვიქციეს ამა ქვეყნის ძლიერებმა. ჩვენ ხომ უნდა გვესმოდეს, მხოლოდ მათი კეთილდღეობის საკურთხეველზე შესაწირი მსხვერპლები ვართ. ან რა უნდა დაარქვა ამ რელობას, როცა ხედავ უსაშველო ადამიანს, რომელიც დილიდან მათ კაბინეტებთან ატუზული მხოლოდ იმისთვის აღამებს, რომ ეიმედება მათი კეთილი ნების. არადა ვის აწუხებვს, ან ვინ ამჩნევს მათ თვალებში იმედგაცრუებით ჩამქრალ სხივს. ალმაცერი მზერითა და ჩვეული მანერით მოუცლელობას რომ მოიმიზეზებენ და გამოუხურავენ ცხვირ წინ კაბინეტის კარებს. სკაიპს და ფეისბუქსაც დრო უნდა. ერთხელ მაინც თუ დაფიქრდებიან იმაზე, რომ ასეთი ადამიანების ხარჯზე არიან გაზულუქებულები. არც ზღვარი სცოდნია თავხედობას, არც სქესი და უფროს-უმცროსობა. ქალია თუ კაცი ყველას ვაჟკაცურად უჭირავს თავი. გრაციაც ერთნაირად დაყენებული აქვთ და ლოგიკაც. თან რა მოხერხებულად და მორგებულად აგიგდებენ სიტყვას ბანზე, აიზე რომ ეკითხები ჰაით გიბურღავენ გონებას. ესენი ხომ თავის სტიქიაში არიან, მაგრამ მე შენ მინდა გკითხო და შენც! ყოველდღიურად რომ ამ ყველაფერს ეჩეხები, იმის ნაცვლად პროტესტი გაგიჩნდეს, შიკრიკად რაღას უდგები ამ უბადრუკობასა და მიზანთროპიას. იქნებ დაფიქრდე ამ მოჩვენებით კაი ტიპობაზე. ან იქნებ უფრო მეტი მოგეთხოვება შეც და იმასაც, რადგან გასაკეთებლის ვერ გაკეთების შემთხვევაში მიზეზების ძებნა კი ვერ ამართლებს, არამედ საშუალების. ასეთ შემთხვევაში კი გვეტყვით გასაკეთებელი კიდევ ბევრიაო, აბა რა. ეს ჩვენც ვიცით.

понедельник, 6 декабря 2010 г.

მინდა რომ...

თუნდაც ამ წამს სიამოვნებით გავივლიდი ზღვის სანაპიროზე, დავუჩოქებდი  მის სიძლიერეს და მის გნსაკუთრებულობას მოვუხრიდი ქედს. მთვარის შუქით განათებულ ქაფიან ტალღებს ჩავეკონებოდი, ხმაურიან ღელვას მივუგდებდი ყურს, სულს რომ ბობოქრობის სურვილს გადმოსდებდა. ჭორიკანად რომ მაქცევდა წამიერად ეს მღელვარე საოცრება და ათას სურვილსა და ნატვრაზე ამალაპარაკებდა. ალბათ არ მიწყენს გატოლებას, თავადაც მიმიხვდება როგორ დავმსგავსებივარ ხასიათით, ჩემში გამეფებული ხანაც უჩვეულო სიმშვიდით, ხანაც უსაშველო ბობოქრობით. ამიტომაც ვგრძნობ მის კალთებში  ბედნიერებას, მისი სიმლაშე მახვევს თავბრუს, მისი უკიდეგანობა. მაშინ გაცილებით ახლოს ვგრძნობ თავს ღმერთთან, მისი სიძლიერე და ყოვლისშემძლეობა უფრო მეტად მაფიქრებს ჩვენს უსუსურობაზე. მაშინ რწმენის სიძლიერე ლოცვად ყველაზე მეტს მათქმევინებს, სულის სიღრმიდან მთავარ სათხოვარს დაჩოქილს მათხოვინებს.და სწორედ მაშინ ყველაზე მეტად იმის ატანის შესაძლებლობას ვითხოვ, რასაც გარემო მაიძულებს. თავშეკავების უნარს და მაშინ გაღიმების, როცა სულაც არ მეღიმება, მაგრამ აუცილებელია, რადგან სხვები ელოდებიან ამ ღიმილს. იმ გულის შენარჩუნებას შურს და ბოროტებას უგულოდ რომ უყურებს. ისეთ სულის სიმდაბლესთან სიშორეს, გამიზნულად ათას სისაძაგლეს რომ ჩადის და მის ბრალეულობას უტუხად ვერ ხედავს ამაში. ისეთი  ტკივილისაგან ხსნას მეშჩანი ადამიანების უმსგავსობის შედეგად რომ იბადება. იმ ერთეულებისაგან დაფარვას, სიძულვილი რომ მასწავლეს და ჩემში ამბოხებული სულის დაბადებას შეუწყვეს ხელი და იმ თვალების შემოფეთებაგან ხსნას გადაგვარებული ადამიანის სულიერებას, რომ შიფრავს მზერიდან. ღმერთო იმის ძალას შეგთხოვ ჩემი თავის შველას  მე თვითონ რომ შევძლებ.

четверг, 2 декабря 2010 г.

ღიმილები

ოცნებაც მიყვარს და ატმის ყვავილივით ჩემში აფეთქებული ბედნიერებაც. სიცოცხლეც მაშინ მიყვარს, როცა თუნდაც ერთი დღის ყოველი დეტალი, შეხვედრა, მისალმება, მოკითხვა სიხარულის განცდას ბადებს ჩემში. ის გარემო, რომელიც მახვევს თავბრუს და ის ადამიანები, რომელთანაც განშორების გამო მეშინია სიკვდილის. ის განწყობა მიყვარს, რეალობას მხოლოდ იმიტომ   რომ წყდები, ღრუბლების სიმაღლეს აწვდე და ის სიმსუბუქე იგრძნო, დედამიწის სიმძიმისგან რომ გათავისუფლებს. ღმერთო, როგორი საოცარი შიკაშკაშე აქვს მაშინ ვარსკვლავებს, უსხეულო უსასრულობაში რომ აკიაფდებიან და გულის იმ ნაწილს გინათებენ ბედნიერებას რომ შეწვდა. მაშინ უჩვეულოდ მორჩილიც ხდები და მორწმუნეც. საოცარი ნატვრები აზვირთდება შენში. გინდა გული დაუკოცნო დედამიწა, იმ ხეს, ფოთოლს, ყვავილს დაუჩოქო, რომლის განსაკუთრებულობის შეცნობა გიჭირდა აქამდე. იმ მდგომარეობის მონა ხდები გაწყალებული ღრუბლის ფთილისგან წვეთ-წვეთად დაცვარული ბალახი შიშველი ფეხის გულით რომ მოგინდება გათელო.ასეთი დღეების სიხანგრძლივე მინდა ღმერთო! ერთხელ მოსული ადამიანის მოკრძალებული თხოვნის ყურად ღება. ისეთი სიზმრები, რომლის სიცხადე მომინდება, ისეთი ლოცვა ცრემლების გულწრფელობას რომ დაბადებს, ისეთი ღიმილები ჭეშმარიტებას რომ ასხივებს, ისეთი თავისუფლება ტყუილს რომ არ მათქმევინებს. ასეთ ბედნიერებას ვეძებ, ასეთ სიხარულს და იმ გამყიდველსაც ვეძებ, იაფად რომ არიგებდეს ლამაზ ღიმილებს, სიტყვებსა და სიყვარულით გამთბარ ურთიერთობებს. თავდაცვის საჭიროება რომ არ შეგვექმნება ადამიანებს ისეთ გარემოში ცხოვრება მენატრება ღმერთო!