четверг, 2 декабря 2010 г.

ღიმილები

ოცნებაც მიყვარს და ატმის ყვავილივით ჩემში აფეთქებული ბედნიერებაც. სიცოცხლეც მაშინ მიყვარს, როცა თუნდაც ერთი დღის ყოველი დეტალი, შეხვედრა, მისალმება, მოკითხვა სიხარულის განცდას ბადებს ჩემში. ის გარემო, რომელიც მახვევს თავბრუს და ის ადამიანები, რომელთანაც განშორების გამო მეშინია სიკვდილის. ის განწყობა მიყვარს, რეალობას მხოლოდ იმიტომ   რომ წყდები, ღრუბლების სიმაღლეს აწვდე და ის სიმსუბუქე იგრძნო, დედამიწის სიმძიმისგან რომ გათავისუფლებს. ღმერთო, როგორი საოცარი შიკაშკაშე აქვს მაშინ ვარსკვლავებს, უსხეულო უსასრულობაში რომ აკიაფდებიან და გულის იმ ნაწილს გინათებენ ბედნიერებას რომ შეწვდა. მაშინ უჩვეულოდ მორჩილიც ხდები და მორწმუნეც. საოცარი ნატვრები აზვირთდება შენში. გინდა გული დაუკოცნო დედამიწა, იმ ხეს, ფოთოლს, ყვავილს დაუჩოქო, რომლის განსაკუთრებულობის შეცნობა გიჭირდა აქამდე. იმ მდგომარეობის მონა ხდები გაწყალებული ღრუბლის ფთილისგან წვეთ-წვეთად დაცვარული ბალახი შიშველი ფეხის გულით რომ მოგინდება გათელო.ასეთი დღეების სიხანგრძლივე მინდა ღმერთო! ერთხელ მოსული ადამიანის მოკრძალებული თხოვნის ყურად ღება. ისეთი სიზმრები, რომლის სიცხადე მომინდება, ისეთი ლოცვა ცრემლების გულწრფელობას რომ დაბადებს, ისეთი ღიმილები ჭეშმარიტებას რომ ასხივებს, ისეთი თავისუფლება ტყუილს რომ არ მათქმევინებს. ასეთ ბედნიერებას ვეძებ, ასეთ სიხარულს და იმ გამყიდველსაც ვეძებ, იაფად რომ არიგებდეს ლამაზ ღიმილებს, სიტყვებსა და სიყვარულით გამთბარ ურთიერთობებს. თავდაცვის საჭიროება რომ არ შეგვექმნება ადამიანებს ისეთ გარემოში ცხოვრება მენატრება ღმერთო!

Комментариев нет:

Отправить комментарий