вторник, 16 ноября 2010 г.

sino termino

მტკივა! ხან აუტანლად, ხანაც ასატანად, მაგრამ მაინც სულ მტკივა. რა უცებ იქცევიან წამები წუთებად, საათებად, საუკუნეებად და მერე უსასრულო მარადისობად. მეშინია სიბერის, ვიცი სიკვდილი ასაკთან ერთად არ მოდის, მაგრამ მაინც. გული არ ბერდებაო! ახალგაზრდული გული ბებერ სხეულში უფრო მტკივნეულია. ხან მინდა სულ თავიდან ვიწყებდე ცხოვრებას, ბავშვობიდან. მინდა უკან დავბრუნდე დროში. თუნდაც იგივე გზა გამოვიარო, ეს არ მედარდება. ოღონდაც ეს წლები ისევ წინ მქონდეს. მტკივა, რომ შეზღუდულად ვართ დროში. დღე, ღამე, ნათელი, ბნელი, ითვლი თითებზე რიცხვებს, თვეებს, წელიწადის დროებს და ისევ ცოცხლდება ტკივილი. როგორი აჩქარებული ნაბიჯებით წყდები ახალგაზრდობას. უცებ დგება შემოდგომა შენს ცხოვრებაში. ისე უცებ, რომ ვერც კი მოასწარი ბოლომდე შეგეგრძნო გაზაფხულის მთელი სითბო, სიმწვანე, სილაღე და საოცარი სილამაზე. ვერც კი მოასწარი ზაფხულის სიცხე ისე მოგრეოდა და შეეწუხებინე, მოგბეზრებოდა. წამიერად შემოგეპარა შემოდგომა. წინ დგას ზამთარი, თეთრი და ჭაღარა. ამასაც თავისი ხიბლი აქვსო. მოხუციც ბავშვს ჰგავსო ასეც ხომ ამბობენ? კი არ ჰგავს, უნდა ბავშვობა, ენანება განვლილი. გაზაფხულიც რომ აღარასოდეს დაუდგება ესეც იცის. განმეორება აღარ იქნება. ზამთარი ახლოვდება მოგონებებით, მონატრებების ტკივილით. ან როგორ არ მტკიოდეს. ადამიანი ვარ და ორჯერ გაზაფხული არ მოდის ჩემთვის და რა ვუყო იმ სიბერეს, რომელიც მხოლოდ წარსულში სახლობს. აქაც იკარგება აწმყო.
ყინვა კი, ისევ აზრობს ხის ყვითელ ფოთლებს! მხატვრის ფუნჯი გვიხატავს ასაკს. ბავშვობას მწვანედ, სიბერეს თეთრად. გაზაფხულიდან ზამთრამდე ვართ, რა ცოტა დროა!

Комментариев нет:

Отправить комментарий