суббота, 5 февраля 2011 г.

აპათიური დემაგოგია

ჩვენთან ადამიანები მხოლოდ ღმერთის იმედად თუ იქნებიან. ან ვისი უნდა გეიმედებოდეს, როცა ყველა, მხოლოდ საკუთარი ჯიბეების დასქელებასა და ტყუილებში დახელოვნებაზეა გადართული. ყველაში იმათ ვგულისხმობ, ვისი მოვალეობაცაა საკუთარი მოქალაქეების მიმართ პასუხისმგებლობის აღება, თორემ ისე ვის უნდა დაავალო, თუ თავად არ დაივალდებულებს თავს. შემომედავებით ახლა, რა ჩასაფრებულის პოზიციაში ხარ მუდამ, რას გადაეკიდე  ამა ქვეყნის ძლიერებს, თავისი გასჭირვებიათო, მაშინ მე ერთ მაგალითს მოგიყვანთ და დანარჩენი თავად განსაჯეთ.
3 თებერვალს დაახლოებით 13 საათზე ოზურგეთის სასწრაფო დახმარების ბრიგადა ოზურგეთში, სოფელ მთისპირში გამოიძახეს. როგორც იტყობინებოდნენ, სირაძეების ოჯახში 15 წლის ალეკო და 8 წლის საბა მწვავე რესპირატორული ვირუსით იყვნენ დაავადებულები, აღენიშნებოდან მაღალი ტემპერატურა და მათი საავადმყოფოში გადმოყვანა იყო საჭირო. პიროვნება, რომლისგანაც სირაძეების ოჯახიდან ზარი უშუალოდ განხორციელდა იტყობინებოდა იმასაც, რომ სოფელთან მისასვლელი გზა თოვლის  გამო ჩაკეტილი იყო. როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარებიდან შეგვატყობინეს, სწორედ ამის გამო გადარეკვა მოუხდათ გამგეობაში, რათა მომხდარიყო გზის გაწმენდა და როგორმე დანიშნულების ადგილამდე მისულიყვნენ. დაახლოებით 13 საათსა და 40 წუთზე გავიდა სასწრაფოს ბრიგადა ოზურგეთიდან  გრეიდერთან ერთად.  დაახლოებით 15 საათისთვის მშვიდობაურისა და ასკანის საზღვართან მისული სასწრაფო დახმარების მანქანა რეიდერთან ერთად გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, (დაახლოებით 10 კილომეტრი მანძილის დაშორებით სირაძეების ოჯახიდან). საჭირო გახდა სამაშველო სამსახურის გამოძახებაც, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ სამსახურს მაღალი გამავლობის `ჰაი ლუქსის~ ჯიპები ემსახურებათ, სწორედ იმ  მონაკვეთზე გაიჭედნენ, საიდანაც გამოძახება ჰქონდათ მიღებული. ღამდენიმე საათიანი მცდელობის შემდეგ, მხოლოდ სამაშველო სამსახურის მიერ გამოძახებული ე.წ. სამხიდიანი სამხედრო მანქანით გახდა შესაძლებელი  პაციენტების გადმოყვანა ოზურგეთის საავადმყოფოში,დაახლოებით საღამოს 21 საათისთვის ,. როგორც სასწრაფო ბრიგადის ექიმები აცხადებენ მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად.

საბედნიეროდ გამართლებით კონკრეტულ შემთხვევაში ერთ მხარესაც გაუმართლა და მეორესაც, ანუ ექიმებსაც და პაციენტებსაც. მაგრამ, ლოგიკურად ჩნდება კითხვა, მაშინ როცა ადგილობრივი ხელისუფლება დაახლოებით ერთი თვის წინ მაინც აცხადებდა, ნალექისა და ამინდების გაუარესების შემთხევაში მუნიციპალიტეტი სტიქიასთან საბრძოლველად სრულ მზადყოფნაში იყო და არ გაჩნდებოდა გზების ჩაკეტვის საშიშროება, დღეს რეალურად ამას რატომ ვერ ვხედავთ. როცა 25-30 სანტიმეტრი თოვლის საფარმა, უმრავლესობა სოფლების მხცოვრებლებს (აქ მხედველობაში სულაც არ გვაქვს მაღალმთიანი სოფლები) გადაადგილების პრობლემა უტრანსპორტობის (უტრანსპორტობა კი, სწორედ გაუწმენდავმა გზებმა გამოიწვია) გამო შეუქმნა და მეორე, გაცილებით მთავარი და ყურადღება მისაქცევი, სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება მძიმე პაციენტის გამო რომ მომხდარიყო, რომლის სიცოცლეც, სწორედ მათ ოპერატიულობაზე იქნებოდა დამოკიდებული, შესაძლო ფატალურ  შედეგზე აგებდნენ თუ არა პასუხს ის ადამიანები, ვის მოვალეობაშიც პირდაპირ შედის თოვლსა და უამინდობაში გზების კონტროლი და ნებისმიერი სახის ტრანსპორტისთვის უსაფრთხო გადაადგილებისთვის საჭირო პირობების შექმნა.