воскресенье, 10 апреля 2011 г.

ოზურგეთული ლიდერომანია

ის, რაც ოზურგეთში ხდება, მარტო აქ თუ შეიძლება ხდებოდეს. ალბათ ვერავინ წარმოიდგენს, თუ აფრებაშვებულები პროვინციალიზმის დუღილში იმდენად აქაფდებიან ხოლმე, რომ გაოცებისგან გაოგნებული რჩებოდე. აქ დესპოტიზმი იმ საფეხურებს ეპოტინება, როცა საპირისპირო აზრის, იდეის ან თუნდაც უწყინარი ფრაზების მოსმენაც კი, საკმარისია თავდაჯერებულები სრულ გადაგვარებამდე მიიყვანოს. აქ თავს ძალიან ბევრის უფლებასაც აძლევენ ხოლმე, თუნდაც იმდენის, რომ გაიძულებენ აღიარო მათი ყოვლისშემძლეობა, მაშინაც კი, როცა ხედავ  მაინცდამაინც  არაფერი შეძლებიათ. ლიდერის პოზიციაში თავდამკვიდრებულები ისე გამოექანებიან პასუხი იმაში მოგთხოვონ, ან ბრალი დაგდონ, როგორ გაბედე მათ სხვა კუთხით დაანახე რეალობა, რომ იძულებული გახდე ადამიანურობის ხათრით რაღაცაზე თვალი დახუჭო. შებრძოლებაც კი არ შეუძლია ბევრს ღირსეულად. პასუხი იმაში მოგეთხოვება რაღაცა კარგად რომ გამოგდის, ან სხვაზე უკეთესად მაინც. ასე მოძალებულად გასვლის პოლიტიკას ალბათ ვერსად წააწყდებით. განსაკუთრებულია ეს ქალაქი თავისი სიცოდვით, მოწყენილობით, გაოცებით,  სადაც სიკარგის, სიმართლის,  ფეხქვეშგათელვას ისე მოურიდებლად ცდილობენ, რომ მათივე სულმდაბლობა ისევ შენში თუ გამოიწვევს სიბრალულს. მტაცებლობასაც თავისი უმაღლესი განვითარების წერტილები აქვს ჩვენში, დაუნდობელნი მაშინ ხდებიან, როცა ცამდე მაინც ხარ მართალი.. ამას არც მარტო მე ვხედავ, არც მარტო მე აღვიქვამ, არც მარტო მე მტკივა. უბრალოდ  საინტერესოა როდემდე მისცემს თავს უფლებას ასე ასისინებული საზოგადოების ნაწილი მხოლოდ სხვების დაგესვლით იპოვონ  შვება. ალბათ არასოდეს დაფიქრებულან, რომ არც აწრიალებული გონებაა სიდიადის ნიშანი და არც  ღირსეულები კარგავენ დროს იმაზე ფიქრში და ბობოქრობაში  როგორ გასრისონ სხვები.