вторник, 27 сентября 2011 г.

სახელმძღვანელოების პოლიტიკა ოზურგეთში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინაშე არსებული გამოწვევები 2010-2011 წლებში ექვს პუნქტად და მის რამდენიმე ქვეპუნქტად რომ გაითვალა და უსაფრთხო სკოლის კონცეფციის დანერგვას განვითარებასთან ერთად, ეროვნული სასწავლო გეგმის დახვეწასა და სასკოლო გამოცემების ერთიანი სტანდარტის შექმნას ითვალისწინებდა, ასევე მოიაზრებდა სასკოლო სახელმძღვანელოების ღირებულების დაკლებას და ხშირი შეცვლის აკრძალვას.
ცვლა რამდენად ხშირი იქნება, ამას მომდევნო 5 სასწავლო წელი გამოარკვევს, მაგრამ ფასებთან დაკავშირებით რომ, მაგალითად, ოზურგეთში აბსოლუტური ქაოსია, ამას ვერავინ გაექცევა.
მოკლედ, განათლების მინისტრის განცხადებაზე დაფუძნებული მოსალოდნელი სასიამოვნო სიახლე, რაც ფასებთან დაკავშირებით გატარდებოდა, ყველა წიგნი ათ ლარამდე, გურულებს ხელში ფაქტებით გადაფარულ არასასურველ რეალობად შერჩათ. არსებულზე ახსნა-განმარტებების  ჩამოყალიბება კი, ისევე რამდენიმე პუნქტად შეიძლება, როგორც მაგალითად სამინისტროს  2010-2011 წლის გამოწვევები. დავიწყოთ საკლასო ოთახების კარებზე გაკრული სახელმძღვანელოთა ნუსხიდან, რაც კონკრეტული სკოლის კონკრეტულ კლასში ახალი სასწავლო წლისთვის შეირჩა და გავაგრძელოთ დღემდე, როცა გამარტივებული პროცედურებისთვის თავიდანვე ნარჩევი `ბიბლუსის~ და `ჯი პი სის` პრინციპში არაორგანიზებული და ყოველგვარ მობილიზაციას მოკლებული მომსახურების გადამკიდე მყიდველებს (გამოწერა ხან ხდება, ხან _ არა. წიგნები შემოდის გარკვეული გამომცემლობის, ისიც მხოლოდ რამდენიმე ცალად) გზა მხოლოდ გადამყიდველებისკენ დარჩათ, სადაც ნაწილ-ნაწილ, ცალობით მთელი კომპლექტის თავმოყრა დღემდე შეუძლებელი ხდება.
ახლა ისევ დავუბრუნდეთ ასე ნაქებ და თავიდან აჟიტირების საფუძვლად ქცეულ სახელმძღვანელოთა ფასებს: მაგალითად, 7 ლარად ღირებული სახელმძღვანელო ჩვენთან, ოზურგეთში 10 ლარი ღირს, 3 ლარად შეფასებული რვეული _ 5ლარი რატომო, იკითხავთ. იმიტომ, რომ ყიდვის შესაძლებლობა მხოლოდ გადამყიდველებთან შეგვრჩა, რომელიც მუდმივად მოგებაზეა ორიენტირებული. საცალო ფასებიდან მთელი  კომპლექტის საერთო ღირებულებას თუ გამოვიყვანთ, პირველი და მეორე კლასის სახელმძღვანელოები, ზედ დართული სამუშაო რვეულებით 90-დან 100 ლარამდე მერყეობს. ესეც იმ საუკეთესო შემთხვევაში, თუ სკოლა იმ გამომცემლობის და ავტორების სახელმძღვანელოებს არჩევს, მხოლოდ ერთი წიგნისა და ერთი სამუშაო რვეულისაგან რომ შედგება, თუ არადა, ისე ჩაგვეხარჯება ხელში 130 და ცოტა უფრო მეტი ლარიც, აზრზე მოსვლას კი მოვასწრებთ, მაგრამ...
ისე, ფასზე საუბრისაგან კიდევაც შეიკავებ თავს ადამიანი, ყოველი დღე იმის მოლოდინში და გაკითხვა-გამოკითხვაში რომ არ გეხარჯებოდეს, ოზურგეთამდე ამა თუ იმ სახელმძღვანელომ ჩამოაღწია თუ არა.
ახლა ის, რაც ყველასთვის თვალსაჩინოა, სასწავლო წიგნი, მაგალითად, ქართული ენის სახელმძღვანელო შედგება არა ერთი, არამედ რამდენიმე ნაწილისაგან, სავარჯიშო, ტესტი და ა.შ. ამ ნაწილების ერთად თავმოყრა კი დაახლოებით 35-40 ლარი ჯდება. გაგახსენდება ამ დროს მინისტრის სიტყვები ფასების მინიმუმამდე დაყვანასთან დაკავშირებით და უნებურად გაგიელვებს თავში, რომ, თურმე აქაც სხვა თავი ტრიალებს. მაგალითად გაიფიქრებ იმასაც, რომ რაც ხდება, მიზანმიმართულია იმისკენ, რაც შეიძლება მეტი თანხის ამოღება მოხდეს მშობლებისაგან და სწავლამაც უფრო მეტად `დაიფასოს~ თავი. თურმე ამიტომაც ის, რაც არ დაატიეს, თუ ჩაატიეს ერთ სახელმძღვანელოში, მოაქციეს 2-ში, 3-ში და 4-შიც კი. ჰოდა, ასე ახუნძლული ორი ინგლისურით, ორი ხელოვნებით, ოთხი ქართულით, ოთხი მათემატიკით და ა.შ. ყოველდღიური სწავლა, მაგალითად, მეორეკლასელი ბავშვისთვის დაახლოებით ათ კილოგრამამდე დამძიმდა. და ასე უმრავლესობისთვის საკუთარ თავზე ნაწნევმა სახელმძღვანელოების სიძვირემ, აბა რა ჰქვია, როცა გვამადლიან ბათუმიდან და თბილისიდან ჩამოგვაქვს და ტრანსპორტირების ხარჯებში 2-3 ლარი არ უნდა მოვიგოთო ... რამდენიმე მათგანის დღემდე უპოვრობამ, ყიდვა-გაყიდვაში არაორგანიზებულობამ და ამ ყველაფრით გაცრუებულმა მოლოდინებმა ოზურგეთი ამჯერადაც გამორჩეული გახადა სხვა ქალაქებისგან. გამორჩეული ერთნაირად გაღიზიანებული მშობლითა და ბავშვით, რომელთაგანაც ერთს აღნიშნულმა პრობლემამ უფრო მეტად ყოფა დაუმძიმა, მეორეს კი _ ზურგზე მოკიდებული ჩანთა. 

Комментариев нет:

Отправить комментарий